ინფლაცია საქართველოში
- ეკონომიკა
- მაისი 23, 2024
- 116
ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია და მისი დონე პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ინფლაციის გავლენა ვრცელდება ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე, რომელიც მის მიმართ მაღალ ინტერესს განაპირობებს.
საკითხისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ბლოგში ვისაუბრებთ ინფლაციის მნიშვნელობის, ტიპების, გამომწვევი მიზეზებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
რა არის ინფლაცია?
ინფლაცია ეკონომიკური ტერმინია, რომელიც დროთა განმავლობაში საქონლისა და მომსახურების ფასების საერთო დონის მუდმივ ზრდას აღწერს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ინფლაცია ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირებას ნიშნავს – დროთა განმავლობაში ერთი და იგივე რაოდენობის თანხით სულ უფრო ნაკლები პროდუქტისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი.
ინფლაციის დროს ფასები ეკონომიკის ყველა სექტორში იზრდება, დაწყებული საკვები პროდუქტებით, დამთავრებული მომსახურებითა და უძრავი ქონებით. ეს ზრდა ეტაპობრივია და გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ფასების ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი იყოს.
ხშირად ტერმინი ინფლაცია ფართოდ გავრცელებულ მეორე ტერმინში “დეფლაცია” ერევათ. სინამდვილეში კი ეს ორი ეკონომიკური ცნება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუკი ინფლაცია არის პროცესი, როდესაც ფულის მსყიდველობითი უნარი მცირდება, დეფლაციის შემთხვევაში, პირიქით, ამ პერიოდში ფულის მსყიდველობითი უნარი იზრდება – ერთი და იგივე რაოდენობის ფულით მეტი საქონლისა და მომსახურების შეძენა ხდება შესაძლებელი. დეფლაცია ხშირად მოთხოვნის შემცირების ან წარმოების გადაჭარბებული მოცულობის შედეგია.
ინფლაციის ტიპები
ინფლაცია ყოველთვის ერთნაირად არ ვლინდება. არსებობს ინფლაციის რამდენიმე ძირითადი ტიპი, რომლებიც გამომწვევი მიზეზებით, მახასიათებლებითა და შედეგებით განსხვავდება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
მოთხოვნით გამოწვეული ინფლაცია
მაშინ, როდესაც საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აღემატება, საქმე მოთხოვნით გამოწვეულ ინფლაციასთან გვაქვს.
მოთხოვნის ზრდა შესაძლოა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით:
- როგორიცაა მოსახლეობის შემოსავლების ზრდა;
- ეკონომიკის სწრაფი ზრდა;
- დაბალი საპროცენტო განაკვეთები, რადგან კრედიტებზე ხელმისაწვდომობა იზრდება და მეტი თანხის მოხმარებაა შესაძლებელი;
- ბიუჯეტის დეფიციტი – როცა სახელმწიფო ხარჯავს უფრო მეტს, ვიდრე იღებს გადასახადებით, ეს ზრდის მთლიან მოთხოვნას ეკონომიკაში.
- ისეთი ექსტრემალური ვითარებები, როგორებიცაა ომი, პანდემია, სტიქიური უბედურებები, ეკონომიკური კრიზისები.
ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია
ხარჯებით გამოწვეული ინფლაცია ხდება მაშინ, როდესაც კომპანიის წარმოების ხარჯები იზრდება და ეს ზრდა საბოლოო პროდუქციის ფასებში აისახება. ხარჯების ზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს ნედლეულის ფასების მატებას, ხელფასების ზრდას, გაზრდილ გადასახადებს ან სავალუტო კურსის ცვლილებას. როდესაც ფირმები ცდილობენ გადაიტანონ გაზრდილი ხარჯები მომხმარებლებზე, შედეგად ვიღებთ ფასების საერთო დონის ზრდას ანუ ინფლაციას.
ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია
ინფლაციის ეს ტიპი გვხვდება მაშინ, როდესაც ბაზარზე მონოპოლისტური ან ოლიგოპოლისტური სტრუქტურებია გაბატონებული. ასეთ დროს კომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება და შესაძლებლობა, მოგების გაზრდის მიზნით, თვითნებურად გაზარდონ ფასები. ფასწარმოქმნით გამოწვეული ინფლაცია განსაკუთრებით დამახასიათებელია არასაკმარისად კონკურენტული ბაზრებისთვის.
სექტორული ინფლაცია
სექტორული ინფლაცია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ფასების ზრდა შეინიშნება ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში, მაგრამ ისინი გავლენას სხვა დარგებზეც ახდენს. მაგალითად, სამშენებლო მასალების ღირებულების ზრდა უძრავი ქონების ფასზე აისახება.
აღსანიშნავია, რომ სექტორული ინფლაცია, გარკვეული მასშტაბის მიღწევის შემთხვევაში, შეიძლება გადაიზარდოს ზოგად ინფლაციაში.
bm.ge